საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
დავით მესხიშვილის CITA-ს ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრების შედეგების შეჯამება

„საქმიანი და საპასუხისმგებლო შეხვედრები გაიმართა სლოვაკეთში, კერძოდ ბრატისლავაში, საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) პრეზიდენტ გერჰარდ მიულერთან, ვიცეპრეზიდენტ ევა მორგერთან. განსაკუთრებით ხანგრძლივი, თემატური და დეტალური განხილვა შედგა CITA-ს აღმასრულებელ დირექტორ ედუარდ ფერნანდესთან. არასდროს და არსად მიგრძვნია ამდენი ყურადღება, როგორც ბრატისლავაში. რა თქმა უნდა ყველაფერი უკავშირდებ რუსეთის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს მიმართ. პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი ზედმიწევნით კარგად ფლობდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური ვითარების შესახებ. ვისაუბრეთ საქართველოში ტრანსპორტის სექტორში გასატარებელი რეფორმების, ევროდირექტივების დანერგვისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. აგრეთვე, შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ  საქართველოში მიმდინარე ინსპექტირების რეფორმა და გამოწვევები. მთავარი თემები: ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ინსპექტორთა უწყვეტი განათლების მოდელის შექმნა, მიუკერძოებელი ინსპექტირების უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი ინსპექტირების პროცესის უზრუნველყოფა და გზებზე კანონის აღსრულება იყო; CITA-ს მმართველმა რგოლმა კონკრეტული რეკომენდაციები უკვე მოგვაწოდა ინსპექტირების რეფორმის სრულყოფისათვის“ - დავით მესხიშვილი.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ინსპექტირების რეფორმა წარმატებით გატარდეს, მიღწეულ დადებით შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება თქვენი სახელმწიფოსა და რეგიონის განვითარებისთვის. ცნობილია, რომ საქართველომ ოფიციალურად გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ეს იქნება თქვენთვის რთული და შრომატევადი პროცესი! მიზნის მისაღწევად საჭიროა სრულფასოვნად დანერგოთ ევროდირექტივები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები. ამ რთულ გზაზე ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით!"- გერჰარდ მიულერი.

"საქართველოს, ჩვენი რეკომენდაციების პაკეტით ვუწევთ და მომავალშიც გავუწევთ დახმარებას. მნიშვნელოვანია დაინერგოს ინსპექტირების ევროპული სისტემა, რომელიც შეამცირებს სიკვდილიანობას საქართველოს გზებზე და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს"- ევა მორგერი.

"ედუარდ ფერნანდესისთვის წვრილმანებიც კი მნიშვნელოვანია, არც არის გასაკვირი მისი პროფესიონალიზმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ის, საქართველოს გულშემატკივარია და პრაქტიკულად მთლიანად არის ინსპექტირების რეფორმის პროცესში ჩართული. მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოში რეფორმის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემებიც. შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა კანონის არაჯეროვან აღსრულებაზე და  წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის როლს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და სრულად დაგვიჭირა მხარი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. აგრეთვე, განვიხილეთ CITA-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები. ევა მორგერთან ერთად განვიხილე საქართველოში ინსპექტირების ადეკვატური საფასურისა და ინსპექტორებისთვის ღირსეული სახელფასო სისტემის განსაზღვრის კრიტერიუმები" - დავით მესხიშვილი.

"თანამედროვე აღჭურვა და კვალიფიციური პერსონალიც არ არის საკმარისი ინსპექტირების დადებითი შედეგის მისაღწევად თუ კანონის აღსრულება არ მოხდება ეფექტიანი მექანიზმით. ჩვენ კარგად გვესმის, რა მნიშვნელობას ატარებს საქართველოს მსგავსი სახელმწიფოს წარმატება რეგიონისთვის, ამიტომ CITA მუდმივად იქნება თქვენს გვერდით რეკომენდაციებითა თუ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებით. შედეგად, თქვენ მიიღებთ ინსპექტირების სწორ სისტემას, შეამცირებთ გზებზე სიკვდილიანობას, გააუმჯობესებთ ჰაერის ხარისხს, დაიცავთ ადამიანების ჯანმრთელობას. გადაწყვეტილია, რომ CITA,  ასოციაციის მოწვევით ესტუმრება საქართველოს, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში ვიზიტს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას"- ედუარდ ფერნანდესი.


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა