Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
18 oct
ტექ-ინსპექტირების რეფორმის შეფასება
საქართველოს ავტომობილების ტექ-ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის CITA-ს ევროპის ოფისის ექსპერტი დავით მესხიშვილი სტუმრად "დილის პალიტრის" ეთერში.
 
❗️ საგზაო უსაფრთხოების პრობლემები
❗️ გზებზე კანონის აღსრულების სუსტი მხარეები
❗️ ტექ-ინსპექტირების საჭიროებისა და მიმდინარე რეფორმის შეფასება
 
✅ გასატარებელი ღონისძიებები
 
✅ სოციალური კამპანია "შეარჩიე უსაფრთხო ტრანსპორტი" - PTI.GE-ზე
 
 
30 sep
ტექ-ინსპექტირების რეფორმის პრობლემები

8 თვეში ტექდათვალიერებაზე მიმართვიანობამ 2019 წელთან შედარებით 30%-ით იკლო.

 

 

28 sep
გზებზე უსაფრთხოების სტანდარტები უარესდება, პერიოდულად ხდება კანონის „გამორთვა“ - დავით მესხიშვილი ტექინსპექტირების შემცირებაზე

ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა იკლებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სახელმწიფოს მიერ კანონის აღსრულების პრობლემაა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც CITA-ს (ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) ევროპის ოფისის ექსპერტია.

დავით მესხიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პერიოდულად კანონის ,,გამორთვა“ ხდება. მსგავსი მიდგომა კი საგზაო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში უპრეცედენტოა.

,,უმთავრესი პრობლემა, რაც მოსდევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროს რეფორმის დაწყების დღიდან დღემდე, ეს არის გზებზე კანონის აღსრულების არასათანადო ხარისხი და არასაკმარისი დონე. 2020 წელს, სატრანსპორტო დარგის 20-მდე ექსპერტის ჩართულობით ჩავატარეთ სიღრმისეული კვლევა, რომელიც მოიცავდა 2 წელს და დადგინდა მთავარი მიზეზიც, რომლითაც ტექინსპექტირების პროცესს საფრთხე ექმნება, ეს კანონის არაღსრულებაა! გზებზე კანონის აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება და ე.წ „ჭკვიანი კამერები“, რომლებიც უნდა აფიქსირებდნენ მაგალითად ვადაგადაცილებას ინსპექტირებაზე ბევრ ქალაქსა და რაიონში ან პროგრამული გაუმართაობის გამო არ ფუნქციონირებს, ან უბრალოდ გამორთულია. კანონის აღსრულება სამწუხაროდ, დამოკიდებულია ვიღაცის ნება-სურვილზე, როცა უნდათ ეს კამერები ჩაირთვება, როცა უნდათ გაითიშება და ა.შ.

საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ასეთ მიდგომას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი, როდესაც უბრალოდ, შეიძლება ადგე და კანონი „გამორთო“. ასეთი მიდგომა უსამართლოა მძღოლების მიმართაც, როდესაც ისინი გაჰყავთ კანონის გარეთ და აჩვევენ კანონგარეშე ცხოვრებას, შემდეგ კი, უცაბედად სთხოვენ კანონის ფარგლებში მოქცევას, რაც შემდგომში იწვევს მძღოლების მასიურ დაჯარიმებას და სერიოზულ ვნებათაღელვას. ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ახსნა, საიდანაც ვერაფერი გამოდგება გამამართლებელ საბუთად. ხშირად მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ასეთი რამ ხშირად ხდება. მეორე არის გადაწყვეტილება, რომ მოდი, ამ ეტაპზე არ გვინდა, გამოვიჩინოთ ლოიალურობა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი კამერების ფუნქციონირებისა და კანონის აღსრულების უწყვეტობა და ამ ხარვეზით მუდმივად მანიპულირებს ვიღაც, რომელიც პერიოდულად, უბრალოდ, მთელ ქვეყანას „გვითიშავს“ კანონს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ყველა წელი საარჩევნოა და გამოდის, რომ კანონის აღსრულება მუდმივად პრობლემატური უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ეს ე.წ. „ლოიალურობა“, სინამდვილეში კი კანონგარეშე ცხოვრება საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება, რაც ყოველწლიურად 35 000-ზე მეტ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში, 10 000-ზე მეტ დაშავებულ/დასახიჩრებულში და 500 დაღუპულში აისახება. მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე. შედეგად, საქართველო გზებზე დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. დაღუპულთა და დასახიჩრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა იყო, ვისაც უნდა ეზრუნა საქართველოს განვითარებაზე და აღმშენებლობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს დაღუპულთა პრაქტიკულად განადგურებული ოჯახის წევრების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. დაღუპულთა უკან ათიათასობით გაუბედურებული ოჯახია. ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომას და ასეთი მტკივნეული თემის პრიორიტეტად არქცევას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. აქ ხომ არ ვსაუბრობთ უმკაცრეს ზომებზე? საუბარია ელემენტარული წესრიგის არსებობაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონების აღსრულებაზე.

არსებობს გაეროს ეკონომიკური კომისიის დასკვნა, რომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით საქართველოში 150 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. უმძიმესი მაგალითია ახლო წარსულში, შატილის ტრაგედიის სახით, როცა საფუძვლიანი ეჭვია იმისა, რომ სწორედ ტექნიკური გაუმართაობა იყო კატასტროფის მიზეზი. ამ ეჭვს ამძაფრებს მიკროავტობუსის ტექინსპექტირებაზე გამოუცხადებლობა. დიდი ალბათობით ინსპექტირების შემთხვევაში დაფიქსირდებოდა ის გაუმართაობა თუ ხარვეზი, რომელიც მოგვიანებით გახდა კიდეც ავტოკატასტროფის გამომწვევი და იქნებ ამ გზით მაინც აგვერიდებინა თავიდან ტრაგედია. და ისმის კითხვები, რა შეიცვალა შატილის ტრაგედიიდან დღემდე საგზაო უსაფრთხოების სფეროში? სამწუხაროდ, საგზაო უსაფრთხოების არცერთი პარამეტრი გაუმჯობესებული არ არის!

ტექინსპექტირების რეფორმა მიმდინარეობს ევროდირექტივის საფუძველზე, რომლის მთავარი მიზანიც საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაა. დადებითი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ტექინსპექტირების სისტემის გამართვა. ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით აქვს საქართველოს აღებული. ევროდირექტივის სტანდარტების მხოლოდ 15-20%-ია დღეს რეალობაში დანერგილი. პრაქტიკულად, არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული გზებზე კანონის აღსრულებასთან მიმართებაში. კანონის „გამორთვა“ გზაზე ნიშნავს ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდას, კანონდამრღვევ მძღოლთა მომრავლებას, კანონმორჩილთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას, ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მატებას, საბოლოოდ კი უმართავ პროცესს გზებზე“, - აცხადებს მესხიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 143 980-ით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა.

წყარო: www.bpn.ge

06 aug
1 წლის განმავლობაში სავალდებულო ტექ-ინსპექტირებაზე რეგისტრირებული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მხოლოდ 15.7%-ი გამოცხადდა

ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურ ინსპექტირებაზე ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7%-ი გამოცხადდა. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, 2021 წლის მონაცემებით სამგზავრო-საქალაქო ავტოსატრანსპორტო საშუალებად აქტიური სტატუსით სულ რეგისტრირებულია 54 335 ერთეული. მათ შორის: 23 778 ავტობუსი (M3), ხოლო 30 557 - მიკროავტობუსი (M2).

ასოციაციის ინფორმაციით, ინსპექტირებაზე 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% (სულ 8 521 ერთეული) გამოცხადდა.

უფრო კონკრეტულად კი რეგისტრირებული 23 778 ავტობუსიდან - ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 1 602 ერთეული (6.8%). ხოლო რეგისტრირებული 30 557 მიკროავტობუსიდან ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 6 921 ერთეული (22.7%).

„აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ კანონის აღსრულების მექანიზმი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შენარჩუნებას გზებზე და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

ავტოსადგურები უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, სადაც დიდი ალბათობით საერთოდ აღარ ექცევა ყურადღება ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს. მდგომარეობას ართულებს უნებართვო თვითორგანიზებული ავტოსადგურების არსებობა, საიდანაც გადიან ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები. ეს საკითხი საერთოდ გასულია მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებიდან.

დაკვირვება გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ძირითადი ნაწილი, რომელიც არ ცხადდება ინსპექტირებაზე კუსტარულად გადაკეთებულია. ხელოვნურად არის გაზრდილი სამგზავრო სავარძლების რაოდენობა და უმეტესად ჩაკეტილია ავარიული გასასვლელი, რითაც საფრთხე ექმნება მგზავრების სიცოცხლეს.

არ არსებობს მძღოლზე პასუხისმგებლობის ჯერ დაკისრებისა და შემდეგ შენარჩუნების გამართული სისტემა. შედეგად, სამგზავრო გადაყვანები ძირითადად ხორციელდება მგზავრის ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ხარჯზე.

საფრთხის შემცველი გარემოებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ იმგზავროთ ტექინსპექტირება გაუვლელი მიკროავტობუსითა თუ ავტობუსით. შექმნილია ვებ-პლატფორმა PTI.GE, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, მგზავრობის დაწყებამდე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ავტოტრანსპორტის სტატუსი (გავლილი აქვს თუ არა ინსპექტირება) და შეარჩიოს უსაფრთხო ავტომობილი“, აცხადებენ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში.

 

 

 

 

05 aug
დავით მესხიშვილს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ტრანსპორტში!

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ულოცავს დავით მესხიშვილს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ტრანსპორტში!

მისი სამეცნიერო ნაშრომი  გამოხმაურებაა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე, რაც გარემოს დაბინძურებაში გამოიხატება. სამეცნიერო ნაშრომი მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ  ავტომობილების რაოდენობამ მსოფლიოში 1 მილიარდი შეადგინა, ხოლო საქართველოში 1 300 000-სს გადააჭარბა და მათი რაოდენობა კვლავაც სწრაფად მატულობს, რასაც თან სდევს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და გარემოს დაბინძურების მასშტაბების ზრდა. ნაშრომში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კვლევებზე მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლებასთან მიმართებაში.

საქართველოში პირველადაა ჩატარებული ლიტერატურული მონაცემების ანალიზი და სტატისტიკური კვლევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობასა და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე მათი გაუმართაობის გავლენის დასადგენად, რაც განაპირობებს ტექნიკური ინსპექტირების ხარისხისადმი და შესაბამისი ცენტრების ფუნქციონირებისადმი წაყენებული ოპტიმალური მოთხოვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. დამუშავებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივის დანერგვისა და რეფორმის მიმდინარეობის შედეგების კვლევის საფუძველზე ტექ-ინსპექტირების პროცესის სრულყოფის ღონისძიებები. ნაშრომი მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ვისი კომპეტენციაც არის საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

სადოქტორო ნაშრომის დაცვა მოხდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

06 jul
ტექ-ინსპექტირების რეფორმის მიმდინარე პრობლემები და გამოსავალი
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისის ექსოერტი - დავით მესხიშვილი რადიო პალიტრას ეთერში გადაცემა მწვანე ზონა
 
თემა - ტექ-ინსპექტირების რეფორმის მიმდინარე პრობლემები და გამოსავალი
 
 
 
01 jul
მოძველებული ავტოპარკისა გავლენა ჰაერის ხარისხზე

კონფერენცია „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამონაბოლქვის ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიზნით“. პროექტი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით ხორციელდება.

30 jun
ტექნიკური კომიტეტის სხდომა

25 ივნისს გაიმართა ტექნიკური კომიტეტის სხდომა, სადაც ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა, ინსპექტირების ცენტრებს წარუდგინა ასოციაციის სამომავლო გეგმები, აგრეთვე, სხდომაზე განიხილეს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all